ბლოგი > პარალაქს ვებ საიტი და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
პარალაქს ვებ საიტი და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
პარალაქს ვებ საიტი და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

პარალაქს სქროლინგის ბევრგან შევხვდებით, დაწყებული ფილმებით დამთავრებული სარეკლამო სააგენტოების ვებსაიტებით. ეს არის ტექნიკა, რომლის დროსაც ვებ გვერდი შრეებად იყოფა. დასქროლვისას თითოეული შრე სხვადასხვა მიმართულებითა და სიჩქარით მოძრაობს, ქმნის მესამე განზომილების ეფექტს.

პარალაქსის ეფექტი მიმზიდველი და შთამბეჭდავია მომხმარებლისათვის, მაგრამ არა საძიებო სისტემისთვის. ცნობილ ბრენდებს (მაგალითად : Nike), რომლებიც ცნობადობის გაზრდას ფასიანი რეკლამების საშუალებით ცდილობენ, აქვთ ფუფუნება, რომ ფოკუსი მთლიანად მომხარებლის მოხიბლვაზე გადაიტანონ და დაივიწყონ ძიებისთვის ოპტიმიზაცია.

თუმცა, ბრენდებს, რომლებიც მომხმარებლის მოზიდვას საძიებო სისტემიდან ორგანული ძიების საშუალებით ახდენენ, მეტი სიფრთხილე მართებთ პარალაქს ეფექტის გამოყენებისას. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ოქროს შუალედის დაცვა.

კლასიკური პარალაქს საიტები ერთგვერდიანია. შესაბამისად, ყველა ფოტო, ტექსტი თუ ანიმაცია ერთ ფაილშია განთავსებული,  რაც ბრაუზერში ჩამოტვირთვის დროს ზრდის. ასევე, შეზღუდულია გვერდებს შორის გალინკვაც. პრობლემა იქმნება საკვანძო სიტყვების, h1-ის, მეტა სათაურების და მეტა აღწერილობის მხრივაც. ( ისინი ძებნის რეზულტატებში ჩნდებიან გვერდის სათაურად და აღწერილობად). საძიებო სისტემისთვის აუცილებელია საიტის კონტენტში საკვანძო სიტყვების გამოყენება. თითოეულ გვერდზე ერთი მეტა სათაურის და ერთი მეტა აღწერილობის გამოყენება შეიძლება, რომლებიც ვებგვერდზე მდებარე შიგთავსის რელევანტური უნდა იყოს. თუკი სამ გვერდიანი საიტია, ყოველივე ეს გასამმაგდება და შესაბამისად, გაიზრდება შანსი ძიების შედეგებში მსგავსი საიტის გამოჩენისა.

პარალაქს სქროლინგის მქონე ერთგვერდიანი საიტის SEO პრობლემები რომ გადაიჭრას, კონტენტი უნდა დაიყოს. შიგთავსი, რომლის საკვანძო სიტყებსაც მომხმარებელი გამოიყენებს საძიებო სისტემაში, უნდა გადავიდეს ცალკე ვებგვერდებზე თავისი მეტა სათაურებით, აღწერილობით, საკვანძო სიტყვებით, მისამართითა და შესაფერისი ტექსტით. ხოლო ისეთი კონტენტი, როგორიცაა ჩვენს შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია ან მთავარი გვერდი, უნდა გაფორმდეს პარალაქსის ეფექტით. რაც შეეხება მთავარ გვერდს, აქ ნავიგაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ლინკები შესაბამის გვერდებზე.

მეორე გამოსავალი არის ის, რომ ერთგვერდიანი საიტის თემატიკა დავყოთ სექციებად ან მოდულებად, სქროლინგის დროს კი თითოეული კონტენტის შესაბამისი ფაილი ჩავტვირთოთ JQuery-ის საშუალებით.

გამომდინარე აქედან, პარალაქსის ვებ საიტის შექმნისას აუცილებელია გვახსოვდეს საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც  მომხმარებელი შემოვა  თქვენს საიტზე.